საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:

საქართველოსა და ირლანდიას შორის სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზა მოიცავს 2 შეთანხმებას და არეგულირებს თანამშრომლობას საჰაერო ტრანსპორტის, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის სფეროებში.

საქართველოსა და ირლანდიას შორის არსებული მეგობრული და საქმიანი ურთიერთობები ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გააქტიურდა, რასაც გარკვეულწილად, ახალი ბიძგი მისცა დუბლინში საქართველოს საელჩოს გახსნამ.

2014 წელს თბილისის მერის დავით ნარმანიას დუბლინში ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა მემორანდუმს თბილისისა და დუბლინის დამეგობრების შესახებ. გააქტიურდა ორ ქვეყანას შორის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობაც. 2015 წლის ივლისში გაიმართა ირლანდიის პარლამენტის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის ერთობლივი კომიტეტის თავმჯდომარის პატ ბრინის ვიზიტი საქართველოში.

აღსანიშნავია ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება ჯანდაცვის სფეროში. 2015 წელს გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი ირლანდიის ეროვნული სასწრაფო დახმარების სამსახურსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის.

2015 წლის აგვისტოში დუბლინისა და ბათუმის პორტებს შორს გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც გულისხმობს გამოცდილების გაზიარებას ისეთ სფეროებში, როგორიც არის მართვა და სერვისები, საპორტო ქალაქის ინფრასტრუქტურის დაგეგმარება და განვითარება, ინვესტიციების მოზიდვა და საერთაშორისო პროექტების მხარდაჭერის მობილიზება.

კულტურული ურთიერთობების თვალსაზრისით, აღსანიშნავია 2012 წელს, თბილისში, ქართულ-ირლანდიური კინო-ფესტივალის ჩატარება. 2014 წლის ივნისში კი, დუბლინში საქართველომ, მასპინძლის სტატუსით, მონაწილეობა მიიღო გემების საერთაშორისო ფესტივალში და წარადგინა მრავალფეროვანი კულტურული პროგრამა.

გაღრმავდა კონტაქტები ორი ქვეყნის საგანმანათლებლო ინსტიტუტებს შორის. დუბლინის საკოლეჯო უნივერსიტეტმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2015 წლის 25 ივნისს გააფორმეს ურთიერთგაგების მემორანდუმი.

ბმულები:

საქართველოში ირლანდიის საელჩო
ირლანდიის საელჩო საქართველოში (რეზიდენციით სოფია)
ირლანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტი
ირლანდიის ოირექტასი (პარლამენტი)
ირლანდიის პრემიერ-მინისტრის ოფისი