საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გიორგი კალანდიას წიგნის „მეფე ერეკლე ბრიტანულ და ირლანდიურ პრესაში“ პრეზენტაცია

2018 წლის 24 სექტემბერს,  ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, დუბლინის მერის ოფიციალურ რეზიდენციაში გაიმართა პროფესორ გიორგი კალანდიას წიგნის „მეფე ერეკლე ბრიტანულ და ირლანდიურ პრესაში“ პრეზენტაცია, რომელიც მიეძღვნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის იუბილეს.

2014-2016 წლებში, ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, ხელოვნების სასახლის დირექტორმა გიორგი კალანდიამ განახორციელა ორწლიანი კვლევა, რომელიც ეხება ქართველი მეფის ერეკლე მეორეს შესახებ უცნობი წყაროების მოძიებას მე-18 საუკუნის ირლანდიურ და ბრიტანულ პრესაში. აღნიშნული მასალა გამოიცა ორენოვან წიგნად, ქართულ და ინგლიურ ენაზე,  2017 წელს.

ღონისძიება გახსნა საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა და სიტყვით მიმართა სტუმრებს. ყურადღება გაამახვილა ქართველი და ირლანდიელი ხალხის მრავალწლიან მეგობრობაზე, მადლობა გადაუხადა დუბლინის ლორდ მერს ამ ღონისძიების მერიის ისტორიულ შენობაში გამართვის შესაძლებლობისთვის, მადლიერება გამოხატა წიგნის ავტორისადმი რამდენიმეწლიანი მუშაობისა და გაწეული ძალისხმევისთვის. ხაზი გაესვა იმ ფაქტსაც, რომ თბილისი და დუბლინი დამეგობრებული ქალაქებია, რაც ხელს შეუწყობს საქართველო-ირლანდიის ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას.  

დამსწრე საზოგადოებას მიესალმა დუბლინის ლორდ მერი ნაილ რინგი. მან აღნიშნა, რომ საქართველო ჯერ კიდევ მე-19-ე  საუკუნეში იყო ირლანდიის და ბრიტანეთის თვალთახედვის არეალში და მაშინდელ წყაროებში სანდო ეკონომიკურ პარტნიორად მოიხსენიება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის. მან კმაყოფილება გამოხატა ქართულ-ირლანდიური ურთიერთობების განვითარებით და ხაზი გაუსვა, რომ ორ ქვეყანას მსგავსი ისტორიული წარსული და საერთო ღირებულებები აკავშირებს.     

ღონისძიებას ესწრებოდნენ ირლანდიის პარლამენტის მეგობართა ჯგუფის, დიპლომატიური კორპუსის, გამომცემლობების, ქართული დიასპორის წარმომადგენლები, რომლებსაც საჩუქრად გადაეცათ გიორგი კალანდიას წიგნი.