ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ირლანდიის პარლამენტის მიერ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია პირველად იქნა მიღებული

2017 წლის 23 თებერვალს, ირლანდიის პარლამენტის საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და თავდაცვის გაერთიანებულმა კომიტეტმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის მხარდაჭერის თაობაზე, რომლითაც მხარი დაუჭირა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ქვეყნის ევროინტეგრაციას. აღსანიშნავია, რომ ეს არის ირლანდიის პარლამენტის მხრიდან საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღების პირველი შემთხვევა.

"საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ" რეზოლუციის (Motion on the Territorial Integrity of Georgia and its Integration in to the European Union) თანახმად, ირლანდია კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას და საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის დაუყოვნებლივ დასრულებას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირში მომავალი ინტეგრაციისათვის და ამ კუთხით ხაზგასმულია მომავალში ასოცირების შესახებ შეთანხმების წარმატებული იმპლემენტაციის მნიშვნელობა.

„კომიტეტი მიესალმება საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს და თვლის, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი ასოცირების შესახებ შეთანხმება წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოსთვის და მისი მოქალაქეებისათვის ევროპულ გზაზე და გზას უხსნის თვისობრივად ახალ პერსპექტივებს ორმხრივ ურთიერთობებში," - აღნიშნულია რეზოლუციაში.

რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ კომიტეტი მიესალმება საქართველოსა და ირლანდიას შორის უკანასკნელ წლებში განხორციელებულ შთამბეჭდავ პროგრესს პოლიტიკური ურთიერთობებისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კუთხით, ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველომ და ირლანდიამ უნდა განაგრძონ თანამშრომლობა ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისათვის, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში, ევროპის ერთობისა და სოლიდარობის მიმართულებით, რათა საკუთარი წვლილი შეიტანონ მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვის საქმეში.

რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია ირლანდიაში საქართველოს ახლადგახსნილი საელჩოს როლი ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საქმეში და გამოთქმულია იმედი მომავალი მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 8
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ