ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საგარეო საქმეთა სამინისტროში ირლანდიასთან პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

2017 წლის 15 მაისს გაიმართა მორიგი ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები ირლანდიასთან, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელმძღვანელობდა ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი, ხოლო ირლანდიის დელეგაციას უძღვებოდა საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის ევროპული სამეზობლოსა და პოლიტიკის განყოფილების გენერალური დირექტორი ოუენ ო'ლირი. კონსულტაციებში მონაწილეობდნენ საქართველოში ირლანდიის ელჩი (რეზიდენციით სოფია) მაიკლ ფორბსი და საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ირლანდიაში გიორგი ზურაბაშვილი. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ვახტანგ მახარობლიშვილთან.

პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში ორი ქვეყნის საგარეო უწყებების წარმომადგენლებმა დეტალურად განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი. ხაზგასმით აღინიშნა, ბოლო პერიოდში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ინტენსიური დინამიკა, რასაც ხელი შეუწყო ირლანდიაში საქართველოს საელჩოს გახსნამ.

შეხვედრისას, ხაზი გაესვა პოლიტიკური კონსულტაციების სისტემატიურად ჩატარების მნიშვნელობას. ვახტანგ მახარობლიშვილმა ირლანდიის საგარეო უწყების წარმომადგენელს გააცნო საქართველოს ბოლო პერიოდის მიღწევები, მათ შორის, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება და აღნიშნა, რომ საქართველოს მხარე მოხარული იქნება, თუ ირლანდიის შესაბამისი უწყებები გაითვალისწინებენ საქართველოს წარმატებულ ნაბიჯებს და დაიწყება მოლაპარაკებები სამსახურებრივ და დიპლომატიურ პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის საკითხზე და ზოგადად, ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების თაობაზე. ევროინტეგრაციის საკითხებზე საუბრისას ყურადღება გამახვილდა ამ კუთხით გადადგმულ ნაბიჯებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის დაგეგმილ სამიტთან დაკავშირებით საქართველოს მოლოდინებზე.

მინისტრის მოადგილემ ირლანდიის დელეგაციას გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის შემდგომი მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივების განხორციელების პროცესში. თავის მხრივ, ირლანდიურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც ევროპული მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა.

ვახტანგ მახარობლიშვილმა მადლობა გადაუხადა ირლანდიის მხარეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში აქტიური მხარდაჭერისათვის. ხალხთაშორისი ურთიერთობებზე საუბრისას განსაკუთრებით აღინიშნა კულტურისა და სპორტის სფეროში არსებული წარმატებული თანამშრომლობა. კონსულტაციების მსვლელობისას ხაზი გაესვა სექტორული თანამშრომლობის მნიშვნელობას და ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა სხვადასხვა უწყებების დონეზე ხელი შეუწყოს დარგობრივი თანამშრომლობის განვითარებას.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 5 6 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ