ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
​საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ირლანდიის საპარლამენტო დელეგაცია მიიღო

20.07.2017 ქ.თბილისი - 2017 წლის 20 ივლისს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მიიღო თბილისში სამუშაო ვიზიტით მყოფი ირლანდიის საპარლამენტო დელეგაცია, საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და თავდაცვის ერთობლივი კომიტეტის თავმჯდომარის ბრენდან სმითის ხელმძღვანელობით.

მიხეილ ჯანელიძემ, პირველ რიგში, მადლობა გადაუხადა ირლანდიელ პარლამენტარებს საგარეო საქმეთა და ვაჭრობის და თავდაცვის ერთობლივი კომიტეტის მიერ 2017 წლის თებერვალში მიღებული საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციისათვის. ვიცე-პრემიერის განცხადებით, ქართული მხარე ძალიან აფასებს ირლანდიის მიერ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მტკიცე მხარდაჭერას, რაც განსაკუთრებით ღირებულია ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეული დემოკრატიული პროგრესისა და დღეს არსებული გამოწვევების გათვალისწინებით.

ვიცე-პრემიერმა აგრეთვე მადლიერება გამოხატა 2017 წლის 19 ივლისს, ირლანდიის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ჩამოყალიბებისათვის, რაც კიდევ უფრო ინტენსიურს გახდის საპარლამენტთაშორისო და ზოგადად, ქართულ-ირლანდიურ თანამშრომლობას.

შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს ურთიერთობების ფართო სპექტრი და ისაუბრეს პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურის, განათლებისა და სხვა სფეროებში ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე, ევროპაში მიმდინარე პროცესებზე, ბრექსიტთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და სხვა აქტუალურ თემებზე.

საუბრისას აღინიშნა, რომ საქართველოსა და ირლანდიას შორის ორმხრივი თანამშრომლობა და მეგობრობა უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებით განმტკიცდა, რასაც ხელს უწყობს ირლანდიაში საქართველოს საელჩოს გახსნა. კერძოდ, გააქტიურდა სექტორული თანამშრომლობა ჯანდაცვის, სასჯელაღსრულების, კულტურისა და განათლების სფეროებში.

ამასთან, მიხეილ ჯანელიძემ ირლანდიის საპარლამენტო დელეგაციას გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ყურადღება გაამახვილა ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე. მან აგრეთვე ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის შემდგომი მტკიცე მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივების განხორციელების პროცესში.

ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე საუბრისას, ყურადღება დაეთმო ამ პროცესში გადადგმულ ნაბიჯებს, მიღწეულ წარმატებებს, მათ შორის, უვიზო მიმოსვლას და აღმოსავლეთ პარტნიორობის დაგეგმილ სამიტთან დაკავშირებით საქართველოს მოლოდინებს. ამასთან, ვიცე-პრემიერმა ირლანდიის პარლამენტის წევრებს გააცნო საქართველოს ევროკავშირთან ფუნქციური ინტეგრაციის პრიორიტეტები. ამასთან, აღინიშნა, რომ ქართული მხარე მოხარული იქნება, თუ საქართველოს წარმატებული ნაბიჯების გათვალისწინებით, ირლანდიასთანაც დაიწყება მოლაპარაკებები ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების თაობაზე.

ირლანდიურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა როგორც საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი, ისე სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. პარლამენტარებმა აგრეთვე გამოხატეს სრული მზაობა, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი ორ ქვეყანას შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შემდგომ განმტკიცებას.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ