საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ლაშა დარსალიას კომენტარი საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის დახმარების საკითხზე

კორონავირუსის პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ არაერთხელ დაადასტურა მზაობა, რომ სრულად გაუწევს დახმარებას საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, „არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ენგურის რომელ მხარეს არიან ინფიცირებული ადამიანები, ჩვენ დავეხმარებით ყველას, როგორც სამედიცინო მომსახურებით, ისე ყველა იმ საშუალებით, რომელსაც დღეს საქართველოს სახელმწიფო უწევს თავის მოქალაქეებს“. ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობამ, ყველა შესაბამისმა უწყებამ,  უკვე გადადგა რიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯები და მომავალშიც გეგმავს შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.

ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო მუდმივ კოორდინაციაშია საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდეს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების ჰუმანიტარული დახმარება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს პარტნიორ სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობას, რათა მაქსიმალურად შეძლოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის სათანადო ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა.  

ვფიქრობთ, რომ შექმნილ ვითარებაში, ჰუმანიტარული დახმარების საკითხზე ნებისმიერი სპეკულაცია წარმოადგენს კერძო ინდივიდების პოლიტიკური დღის წესრიგის ლობირების მცდელობას, რაც არ ასახავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ინტერესსა და საჭიროებებს. ჩვენ მოვუწოდებთ საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებს, არ მოახდინონ ჰუმანიტარული თემების პოლიტიზირება კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის წინაშე მდგარი რთული გამოწვევების პირობებში.