თბილისში ახალგაზრდა ელჩების ამბასადორიალი გაიმართა
2024 წლის 12 ივლისს, თბილისში, „ახალგაზრდა ელჩების ამბასადორიალი 2024“ გაიმართა.
ღონისძიებაზე დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) პროექტის მენეჯერმა ქეთევან გორგოშიძემ.
ღონისძიების ფარგლებში გამართულ სამუშაო სესიებზე მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს საგარეო პრიორიტეტები, საქართველოს როლი საერთაშორისო ურთიერთობებში, სახალხო დიპლომატიის და მიგრაციის საკითხები.
მინისტრის მოადგილემ ახალგაზრდა ელჩებთან პროგრამის მნიშვნელობასა და აღნიშნულ პროექტში საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობაზე ისაუბრა.
თავის მხრივ, ახალგაზრდა ელჩებმა წარმოადგინეს საკუთარი ინიციატივები და მათ მიერ განსახორციელებელი აქტივობების სამოქმედო გეგმა.
პროგრამა "იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევით და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამა მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებთან ინსტიტუციონალური ურთიერთობების დამყარებას, ახალგაზრდობის სფეროში კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებების ჩატარებას, საქართველოს უცხოელ, ახალგაზრდა, მეგობართა ქსელის ჩამოყალიბებას, მაღალკვალიფიციური ახალგაზრდა კადრების სამშობლოში დაბრუნების ხელშეწყობას, ადგილსამყოფელ ქვეყნებში საქართველოს პოპულარიზაციას.